მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, სამართალდამცავებს, ჯარისკაცებს და ექიმებს მომავალი წლიდან ხელფასები გაეზრდებათ. ამავდროულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტში ასაკით პენსიონერებისთვის, ასევე 18-წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსიის ზრდაა გათვალისწინებული.
`2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18-წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა. გარდა ამისა, მომავალი წლის 1-ელი ივლისიდან, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით პენსიის 30 ლარით ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით“, _ აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა 2020 წელს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ხელფასების ზრდის შესახებაც ისაუბრა. გახარიას განმარტებით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის, საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის, სამართალდამცველებისთვის, ჯარისკაცებისთვის, ექიმებისთვის და ა.შ.
„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ისე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი 300 ლარით გაიზრდება. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის, საბავშვო ბაღების მასწავლებლებს ანაზღაურება, საშუალოდ 100 ლარით მოემატებათ. ამავდროულად, გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცველების, ჯარისკაცების და მათთან გათანაბრებული პირებისთვის და სახელმწიფო თავისი ვალდებულებების ფარგლებში, ამ ჯგუფის წარმომადგენლებს ხელფასს მინიმუმ 125 ლარით გაუზრდის. 2020 წლის პირველი ივლისიდან, 100 ლარით გაიზრდება სოფლის ექიმების სახელფასო ანაზღაურებაც. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომლითაც აუცილებლად და ეფექტურად უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს~, _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.