საქართველოში, ვაქცინაციის მხრივ, დადგენილი 60%-იანი სამიზნე შედეგიდან ამ დროის მონაცემებით, შიდა ქართლში 32,9 %-ის ვაქცინაცია განხორციელდა, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა, ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.
„შიდა ქართლში, ისევე როგორც მთლიანად საქართველოში, საგრძნობლად შემცირდა ვაქცინაცაზე მიმართვიანობა. ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, რეგიონში, მთლიანობაში, აცრილია 96 113 ადამიანი. მათგან ორი დოზითაა აცრილი 41 975 პირი, ერთი დოზით კი - 54 138 მოქალაქე. მოგეხსენებათ, საქართველოში, ვაქცინაციის სამიზნე მაჩვენებლად დასახელებულია 60 %, რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, ზემოთ აღნიშნული მონაცემები, აცრების მხრივ შეადგენს მოსახლეობის მოცვის 32,9 %-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ბოლო ორი კვირის სტატისტიკით (ტესტირებები, დადასტურებული შემთხვევები) შეადგენს 10,2%-ს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, შიდა ქართლში, მთლიანობაში 12 626 ტესტირება (სწრაფი და PCR ტესტი) ჩატარდა, აქედან 1 292 დადასტურებული შემთხვევაა, ბუნებრივია, ეს საკამოდ მაღალი მაჩვენებელია და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო რეგიონის მოსახლეობას, კოვვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.