2 ოქტომბერს ჩანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიები სკოლების, საბავშვო ბაღების და სხვა ადმინისტრაციული შენობების ფართშია განთავსებული. მოესწრება თუ არა არჩევნებიდან მესამე დღეს შენობების დეზინფექცია და განაახლებენ თუ არა სასწავლო პროცესს 4 ოქტომბერს ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული - ამ საკითხით GMnews გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაუკავშირდა.
როგორც რესურცენტრში განგვიცხადეს, სწავლის განახლებამდე ყველა სკოლა უზრუნვეყოფს სადეზინფექაციო სამუშაოების დროულად განხორციელებას და 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი კლასებში განახლდება.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, საარჩევნო უბანი, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 54 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. კენჭისყრის დღის შემდეგ, მოსამზადებლად, სკოლებს მხოლოდ ერთი დღე რჩებათ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველა სკოლა უზრუნვეყოფს სადეზინფექციო ღონისძიებების განხორციელებას და 4 ოქტომბერს, სასწავლო პროცესს ყველა საჯარო სკოლაში, საკლასო ოთახებში განვაახლებთ“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტმა, ვასილ ჯოჯიშვილმა.