უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახში სწავლის გაგრძელების პარალელურად, მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, სურვილის შემთხვევაში, სწავლის დისტანციურად გაგრძელება მოითხოვონ.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი იმ შემთხვევაში, როცა სურვილი აქვს ბავშვმა სწავლა დისტანციურად განაგრძოს - საკითხის გასარკვევად GMnews გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაუკავშირდა.
GMnews-ის ინფორმაციით, დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა, გასული წლისგან განსხვავებით, სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებსაც მიეცემათ.
„გასული წლისგან განსხვავებით, წელს დისტანციური სწავლების მოდელის არჩევა ქალაქის სკოლებთან ერთად, სოფლების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების მშობლებსაც შეეძლებათ. რაც შეეხება განაცხადის გაკეთების ვადებს, გეტყვით, რომ მშობლებს დისტანციურ სწავლაზე გადასვლის სურვილის დაფიქსირება შეეძლებათ ყოველ ხუთშაბათს, სკოლა განაცხადს ასახავს პარასკევს და ორშაბათიდან მოსწავლე დისტანციურ კლასში განაგრძობს სწავლას. რაც შეეხება დისტანციურიდან დასწრებით სწავლაზე გადასვლის სურვილს, ამ შემთხვევაშიც, განაცხადი ხუთშაბათ დღეს უნდა დაფიქსირდეს.
აქვე გეტყვით, რომ მშობელს განაცხადის დაფიქსირება შეუძლია როგორც სატელეფონო ზარით სკოლის ადმინისტრაციასთან, ასევე, სკოლაში ვიზიტით“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.
ცნობისთვის, დისტანციური სწავლების მსურველებს ონლაინრეგისტრაციაც შეუძლიათ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - https://online.emis.ge. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება 30 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით 00:00-23:59 საათის შუალედში.