გორში ეროვნული ლიგა 1–ს მორიგი, ბოლოსწინა ტურის მატჩში თბილისის ,,დინამომ“ ,,დილას“ მინიმალური ანგარიშით 2:1 მოუგო და მაქსიმალურად მიუახლოვდა ქვეყნის 2019 წლის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. ამავე დროს მარცხის მიუხედავად ,,დილამაც" მაქსიმალურად საიმედოდ და უსაფრთხოდ იგრძნო თავი გასავარდნი ზონისგან.
სტუმრები მთელი თამაში დომინირებდნენ და გამარჯვება ეჭქვეშ არ დაუყენებიათ. ძლიერ მეტოქესთან პაექრობა კი გორელებმა მართალია ფრთხილად დაიწყეს, ცდილობდნენ შეცდომები არ დაეშვათ რითაც მოწინააღმდეგე იხეირებდა, მაგრამ გაშვებულ გოლებს თავი მაინც ვერ აარიდეს.
ორივე გოლი თბილისელებმა პირველ ტაიმში გაუტანეს მასპინძლებს. პირველად 27–ე წუთზე მათ მიერ საჯარიმოში ჩამოწოდებული სტანდარტული მეორე სართულზე ბრძოლისას საკუთარ კარში ჩაჭრა ლუკა რაზმაძემ, ტაიმის მიწურულს 42–ე წუთზე კი ნოდარ ქავთარაძემ გამოიჩინა თავი და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.
,,დილამ“ მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო. ბურთის მეტოქის კარში პრაქტიკულად ბოლო წუთზე (90+3 წთ), მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მიწურულს შეაგდო მიკოლა კოვტალიუკმა 1:2.
გუნდებს თითო მატჩი დარჩათ ამ სეზონში ჩასატარებელი.
მიმდინარე სეზონის ბოლო ტური 1 დეკემბერს გაიმართება. ,,დილა“ სტუმრად ,,რუსთავს“ დაუპირისპირდება.