საზოგადოება
29.09.2021 12:12
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბრიდან განახლდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან განახლდება. გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განცხადებით, სასწავლო პროცესის დაწყების პირველ ეტაპზე, საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი იმოქმედებს. რაც შეეხება აღსაზრდელების ბაღში მიღების საათებს, თავშეყრის არიდების მიზნით მიღება 9:00- დან 10:00 საათამდე მოხდება.
„გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი თითქმის ყველა ბაღი მზადაა სასწავლო პროცესის განახლებისთვის. გამონაკლისია მხოლოდ რამდენიმე ბაღი, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ბუნებრივია, ჩვენ ვმოქმედებთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ვემზადებით სასწავლო პროცესის განახლებისთვის. სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ისევე როგორც პირველ ჯერზე, ახლაც სასწავლო პროცესი დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით განახლდება. მოხდება პერსონალის გეგმიური ტესტირება კოვიდ19-ზე და სწავლის პროცესში მაქსიმალურად იქნება დაცული როგორც უსაფრთხოების, ასევე ჰიგიენური ყველა ნორმა“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ლია კოვზიაშვილმა.
კვირის ამბები