საზოგადოება
29.09.2021 11:41
ორის გარდა, გორის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახში განახლდება

4 ოქტომბრიდან, გორის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სკოლა სასწავლო პროცესს საკლასო ოთახში განაახლებს, გამონაკლისია მხოლოდ ქერეს და ბნავისის საჯარო სკოლები.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან, ყველა საჯარო სკოლაში განახლდება სასწავლო პროცესი. გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აღნიშნული სიახლე არ შეეხება მხოლოდ სოფელ ქერეს და ბნავისის საჯარო სკოლებს. განვმარტავ, რომ ამ ეტაპზე ქერეს საჯარო სკოლის შენობის მშენებლობა-კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და მოსწავლეები სწავლას მერეთის სკოლაში დაიწყებენ, რაც შეეხება ბნავისის საჯარო სკოლას, ამ შემთხვევაში საქმე ეხება სკოლის შენობის რეაბილიტაციას და მოსწავლეები ატენის საჯარო სკოლაში დაიწყებენ ახალ სასწავლო წელს. სხვა მხრივ, პრობლემა არცერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არ გვაქვს და მომავალ ორშაბათს ველოდებით მოსწავლეებს საკლასო ოთახებში“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში დაიწყო, თუმცა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, პირველკლასელებისთვის სწავლის დაწყების თარიღად 4 ოქტომბერი განისაზღვრა.

კვირის ამბები