საზოგადოება
29.09.2021 10:11
კონსტანტინე თავზარაშვილმა მერის პოზიციაზე ოთხწლიანი მუშაობა „ლომჭაბუკის“ მონუმენტის სკვერში შეაჯამა და გორის საპატიო მოქალაქეები დაასახელა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერის პოზიციაზე ოთხწლიანი მუშაობა „ლომჭაბუკის“ მონუმენტის მიმდებარე სკვერში შეაჯამა. ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი, გუბერნატორის პირველი მოადგილე, სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები, ევროკავშირის გორის ოფისის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ეპარქიების მღვდელმთავრები - მიტროპოლიტი ანდრია და მიტროპოლიტი ისაია, გორში არსებული სამედიცინო დაწესებულებების და სხვა უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

,,ძვირფასო გორელებო!

ყველას კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის!

მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ანგარიშს ონლაინ რეჟიმში ადევნებდა თვალს.

ჩემთვის ძალიან ემოციური იყო იმ ადგილას დგომა.

სივრცე, რომელიც ჩემი მერობის პერიოდში რეაბილიტირდა, მერის რანგში ჩემს ბოლო, შემაჯამებელ ანგარიშს მასპინძლობდა.

მიხარია, რომ ეს სკვერი ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად იქცა. მისი რებილიტაცია ევროკავშირიდან მოპოვებული გრანტით განხორციელდა. გარდა ამ ადგილისა, აღნიშნული გრანტით ქალაქში კიდევ რამდენიმე ლოკაცია რეაბილიტირდა. კომპლექსური პროექტის მიზანი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იყო. დიდი მადლობა აღნიშნული ინიციატივის ავტორებს.

განსაკუთრებული მადლობა თქვენ, ძვირფასო თანამოქალაქენო! თქვენ რომ არა, არ შედგებოდა დღევანდელი დღე. მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და შესაძლებლობისთვის, რომელმაც მომცა არაერთი კარგი საქმის განხორციელების საშუალება.

განსაკუთრებით ვეფერები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელსაც ყოველდღიურად უწევს ოკუპაციის შედეგებთან გამკლავება. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო ძალიან მალე დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს.

მადლობა ჩემი გუნდის წევრებს - გორის მერიის თანამშრომლებს, თავდაუზოგავი შრომისთვის.

მადლიერება მინდა გამოვხატო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალური აიპებისა და ყველა სახელმწიფო უწყების მიმართ.

მადლობა შეუცვლელ პარტნიორებს, გორში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. გორის მერიამ მათთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა.

მადლობა ყველა ჟურნალისტს, ვისთანაც მქონია კომუნიკაცია. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან თანამშრომლობა.

4 წლის განმავლობაში იყო წარმატებები, დაბრკოლებები, გამოწვევები.

მიუხედავად ბარიერებისა, თავი არ დამიზოგავს, ყველაფერს ვაკეთედი იმისთვის, რომ თქვენი საჭიროებები დამეკმაყოფილებინა.

სამწუხაროდ, იყო ფორსმაჟორული სიტუაციები, რომელმაც შეაფერხა ან შეუძლებელი გახადა რამდენიმე ჩანაფიქრის განხორციელება.

ჩემი მერობის განმავლობაში, მთავარი გამოწვევა კოვიდ-19 -თან ბრძოლა აღმოჩნდა. თითქმის 2 წელია მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის. ვირუსმა, ჩვენდა საუბედუროდ, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მიუხედავად პანდემიისა, ამ წლების განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში ასეულობით პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა”, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მერმა საზოგადოებას 4 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის მოკლე ანგარიშიც წარუდგინა და განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

პანდემიის პერიოდში გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დასახმარებლად გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის და სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ ხელმძღვანელობას, სამედიცინო პერსონალს და აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. ასევე, მადლობის სიგელები გადაეცათ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს მარი გიუნაშვილს და მერიის თანამშრომელს რამაზ შიოშვილს.

ღონისძიების ბოლოს, კონსტანტინე თავზარაშვილმა საპატიო მოქალაქეები დაასახელა: მარინა გიუნაშვილი, ნანა კავლელიშვილი, ანზორ თენაძე, ერმილე მაღრაძე, ოთო გვრიტიშვილი.

,,ამ ოთხი წლის განმავლობაში ბატონმა კოტემ მნიშვნელოვანი საქმიანობა გასწია მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში, გარდა იმისა, რომ იგი არის კარგი მერი, კარგი მენეჯერი, ამავდროულად, არის კარგი გორელ. მადლობას ვუხდი მას გაწეული საქმიანობისთვის, აქვე გეტყვით, რომ ბატონი კოტე რჩება ჩვენს გუნდთან ერთად და მინდა წარმატებები ვუსურვო მას იმ მიმართულებაში, რასაც მომავალში გაუძღვება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ.

კონსტანტინე თავზარაშვილის ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიშს ესწრებოდა მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი ლადო ხინჩეგაშვილიც. თავზარაშვილი დარწმუნებულია, რომ ხინჩეგაშვილი სულ მალე გორის მუნიციპალიტეტის მერი გახდება და მას წარმატებები უსურვა.

,,ლადო ხინჩეგაშვილი გახლავთ გორის მერობის კანდიდატი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის სულ მალე აუცილებლად გახდება ჩვენი მუნიციპალიტეტის მერი და ძალიან წარმატებულად გააგრძელებს იმ საქმიანობას, რომელიც დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, ამ ოთხი წლის განმავლობაში შეძლებს ჩვენს მუნიციპალიტეტში იმ საკითხების მოგვარებას, რაც ჩვენ მოუგვარებელი დაგვრჩა. წარმატებებს ვუსურვებ ლადოს“, - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

კვირის ამბები