ყველაზე კარგი დაცვის საშუალება ბავშვისთვის არის მისი გარემოცვის ვაქცინაცია. ასე რომ, მშობლებისთვის კიდევ ერთი მოწოდება და თხოვნაა, რომ აიცრან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას განცხადებით, ახალი რეგულაცია სკოლებში პირბადის ტარებაზე ეხება ყველა ასაკის ბავშვს.
„ეპიდემიოლოგიური რისკები ჩვენს გარშემო მომდევნო პერიოდის განმავლობაში მუდმივად იქნება, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს ისეთი პროცესების ხელშეწყობაში, როგორიც არის საკლასო გარემოში სწავლების აღდგენა. დამატებითი მოთხოვნის სახით არის, პირბადის გამოყენება უკვე მცირე ასაკის ბავშვებშიც, დაბალ კლასებშიც. ვაქცინაციის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, რაც არის სკოლის თანამშრომლებს შორის, ვფიქრობთ, რომ მოგვცემს პრევენციის შესაძლებლობას და ასევე აქტიურად უნდა გაგრძელდეს კიდევ დამატებით თანამშრომლების და მშობლების ვაქცინაციაც. ვინაიდან, ჩვენ დღეს მცირე ასაკის ბავშვებში ვაქცინაციაზე ვერ ვისაუბრებთ, ბუნებრივია, ყველაზე კარგი დაცვის საშუალება ბავშვისთვის არის მისი გარემოცვის ვაქცინაცია. ასე რომ, მშობლებისთვის კიდევ ერთი მოწოდება და თხოვნაა, რომ აიცრან, თუკი ჯერ ეს არ გაუკეთებიათ, რადგან ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო გარემოში, თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება და სკოლა, რომელიც გაიხსნება, დარჩეს გახსნილი სტაბილურად“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.