საზოგადოება
28.09.2021 15:28
სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მოსახვედრად პირველადი რეგისტრაცია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც გახდა შესაძლებელი
თავდაცვის ძალებში რეკრუტირების სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალი პროექტი შეიმუშავა. პროექტის მიხედვით სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მოხვედრის მსურველთათვის, საქართველოს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, პირველადი რეგისტრაციის სერვისი დაინერგა.
საკონტრაქტო სამსახურში მოსახვედრად, სრულწლოვან პირს შესაძლებლობა ექნება გამარტივებული პროცედურით, მხოლოდ პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ტელეფონის ნომრის მითითებით, პირველადი რეგისტრაცია გაიაროს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მინისტრებმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და რატი ბრეგაძემ მოაწერეს.
როგორც უწყებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, პროექტის მიზანია, თავდაცვის ძალებში მოხვედრის მსურველებს სერვისის მაღალი ხარისხი შესთავაზოს და რეკრუტირების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივოს და მოქალაქეებს მოქნილი პლატფორმა შესთავაზოს.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიდან, იუსტიციის სახელებიდან და საზოგადოებრივი ცენტრებიდან გადამისამართებულ ზარებს აერთიანებს. აღნიშნული სერვისით დაინტერესებული პირი ოპერატიულად მიიღებს ამომწურავ და სრულყოფილ ინფორმაციას სამხედრო საკონტაქტო სამსახურის, რეზერვისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორი სამხედრო სამსახურში დარეგისტრირების მსურველს რეგისტრაციის გავლაშიც დაეხმარება.
კვირის ამბები