რეგიონი
25.11.2019 16:48
ხაშურში 150 მოსწავლეზე გათვლილი პროფესიული სასწავლებელი აშენდება
ხაშურში, 150 მოსწავლეზე გათვლილი პროფესიული სასწავლებელი აშენდება. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროექტის მიხედვით, სამსართულიანი დაწესებულების მშენებლობაა დაგეგმილი. თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობა აღჭურვილი იქნება გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემებით, ადაპტირებული სველი წერტილებითა და სახანძრო სიგნალიზაციისა და ხანძარმაქრი საშუალებებით. საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე, განთავსდება ახალი გამოცემებით შევსებული ბიბლიოთეკა, იფუნქციონირებს სააქტო დარბაზი და სპორტული მოედანი. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ სოფლის მეურნეობის ტექნიკის, ელექტრომექანიკის, ავტოსატრანსპორტო, სამშენებლო, სატყეო საქმის, მეფუტკრეობისა და კულინარიის შემსწავლელ კურსებზე დარეგისტრირდნენ და შესაბამისი განათლება მიიღონ.

ხაშურის ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებლის დეტალური პროექტის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, 11 437 024 ლარითაა განსაზღვრული.
კვირის ამბები