საზოგადოება
28.09.2021 14:28
გორის №32-ე საარჩევნო ოლქის ტერიტორიულ საზღვრებში 106 ძირითადი და 1 სპეც. უბანი ფუნქციონირებს

გორის №32-ე საარჩევნო ოლქის ტერიტორიულ საზღვრებში 106 ძირითადი და 1 სპეც. უბანი ფუნქციონირებს, როგორც GMnews-თან საუბრისას გორის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა, ნათია მაჭარაშვილმა განაცხადა, გასული წლისგან განსხვავებით, წელს მხოლოდ ერთი სპეც.უბანი გაიხსნა, რომელიც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის შენობაშია განთავსებული.

„2 ოქტომბერს ჩანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მთლიანობაში, გორის №32-ე საარჩევნო ოლქში 106 ძირითადი და ერთიც სპეც. უბანი  ფუნქციონირებს. გასული წლისგან განსხვავებით, როცა 2 სპეც. უბნის გახსნის საჭიროება დადგა დღის წესრიგში, წელს, მხოლოდ ერთი უბანი იქნება, რომელიც კოვიდპაციენტებს და ვირუსის გამო, თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფ ამომრჩევლებს მოემსახურება.

რაც შეეხება იმ ამომრჩევლებს, ვისაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემის გამო საარჩევნო უბანზე მისვლა არ შეუძლია, უფლება აქვთ, საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართონ და გადასატანი ყუთით სარგებლობის მოთხოვნა დააფიქსირონ. ამისთვის, ამომრჩევლებს ვადა 29 სექტემბრის ჩათვლით აქვთ“, - აღნიშნა ნათია მაჭარაშვილმა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გორის №32-ე საარჩევნო ოლქის ტერიტორიულ საზღვრებში, დღეის მონაცემებით, 112 631 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

კვირის ამბები