საზოგადოება
28.09.2021 12:56
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ოპერაციების დაფინანსება 1 ოქტომბრიდან განახლდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ოპერაციების დაფინანსება და ჩატარება მიმდინარე კვირიდან, 1 ოქტომბრიდან განახლდება, -  ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, სახელმწიფოს მიერ, დაგეგმილი ოპერაციების დაფინანსება მიმდინარე წლის აგვისტოდან, შეჩერებული იყო. გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები, ასევე ონკოლოგიური ოპერაციები და კარდიოქირურგიული ჩარევები.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შეზღუდვა მოქმედებდა პანდემიის პირველი და მეორე ტალღების პერიოდშიც და ამ რეგულაციის მიზანი კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის საწოლების მობილიზება გახლდათ.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ეპიდემილოგიური ვითარების გაუმჯობესების გამო, შეზღუდვის გაგრძელების საჭიროება აღარ დგას დღის წესრიგში.  

კვირის ამბები