ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში არსებული სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 1 200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სამაცივრო კომპლექსს გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურაც აქვს, სადაც, უნიკალური შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით, 24 საათში, 10 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. სამაცივრო კომპლექსში მუდმივად 60 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი, 140-მდე. კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22000.
პროდუქციის რეალიზაცია დაგეგმილია საექსპორტო ბაზარზე. წელს პირველად, კომპანიამ 100 ტონა სხვადასხვა სახის კენკროვანი ხილის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში განახორციელა, მომავალ წელს კი, რაოდენობის 3-ჯერ გაზრდა იგეგმება.
ამასთანავე, კომპანია მზად არის პროდუქცია ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბაროს და წარმოება გაზარდოს. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 5 000 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600 000 ლარი გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა - ბენეფიციარის ინვესტიცია.