კონფლიქტები
27.09.2021 19:13
საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი ყველა ინციდენტი ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს - ირაკლი ანთაძე

გამყოფ ხაზთან მდებარე სეფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 102-ე შეხვედრა დასრულდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი ყველა ინციდენტი, რომელიც ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

ანთაძის ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად დააყენეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის, უკანონო დაკავებების და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების საკითხები.

„განვიხილეთ ქეისების მიხედვით თითოეული კონკრეტული მაგალითი, პრინციპულად დაფიქსირდა პოზიცია. ოკუპაციის ამ თანმდევი მოვლენის შედეგად უამრავი ოჯახი დარჩა სახნავ-სათესი მიწის გარეშე. სოფლებმა დაკარგეს სავარგულები და საფრთხე შეექმნა მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას.

რაც შეეხება უკანონოდ დაკავებულებს, გენადი ბესტაევს და გელა გოჭოშვილს, ეს საკითხიც დასმული იქნა, მოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია გოჭოშვილის ადგილსამყოფელის და სტატუსის შესახებ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გოჭოშვილს ედავებიან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას.

რაც შეეხება გენადი ბესტაევს, ეს საკითხიც დაისვა პრინციპულად და გამახვილდა ყურადღება, იმ გარემოებაზე, რომ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 14 თვეზე მეტხანს, რაც ცდება ყოველგვარ ლოგიკას. რა თქმა უნდა, მოვითხოვეთ მისი გათავისუფლება“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე გაგრძელდება კონსულტაციები ცხელი ხაზის მეშვეობით.

კვირის ამბები