კულტურა
27.09.2021 14:06
...რომ ვერაფრით დავივიწყე აფხაზეთი, ენგურთან რომ მოუთმენლად მელოდება - ვიკა ქალდანი
27 სექტემბერს თბილისში დავიბადე, ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება რთულია, 28 წელი გავიდა ... ჩემი ლექსები გადმოსცემენ აფხაზეთის მონატრებას, ტკივილს და რაც მთავარია, დაბრუნების იმედს. ზღვა და ოლეანდრების სურნელი, ჩემი აფხაზეთი, ჩემი სულის შემოდგომა ... ჩვენ დავბრუნდებით! - ასე ეხმაურება ახალგაზრდა პოეტი ვიკა ქალდანი სოხუმის დაცემის დღეს.
თანამედროვე ავტორი, რომელსაც დღეს 28 წელი შეუსრულდა, ამბობს რომ მშობლიური მხარის დავიწყების საშუალებას არასოდეს აძლევს ზღვა და ოლეანდრების სურნელი, რომელიც სიოსთან ერთად აფხაზეთიდან უბერავს.
„აფხაზეთი ჩემი სულის შემოდგომა, ჩემი გულის ქარვისფერი დარდი, სევდა,
ჩემი დრანდა, გულრიფში და მერხეული, მონატრების ცრემლებით რომ დამისველდა“... - GMnews-ი გაგაცნობთ ვიკა ქალდანის ლექსს, რომელიც ავტორს დაკარგულის მონატრებით გამოწვეულმა ემოციამ დააწერინა.
მაპატიე, შემოდგომავ, მაპატიე,
რომ შენსავით ოქროსფერი არ მაქვს ჭკუა,
წლებთან თამაშს დღე და ღამე შევალიე,
დრომ ბავშვობით მომხიბლა და მომატყუა.
მაპატიე, რომ მივტირი დამჭკნარ ფოთლებს,
გაძარცვული ხეები რომ მეცოდება,
რომ ვერაფრით დავივიწყე აფხაზეთი,
ენგურთან რომ მოუთმენლად მელოდება.
აფხაზეთი, ჩემი სულის შემოდგომა,
ჩემი გულის ქარვისფერი დარდი, სევდა,
ჩემი დრანდა, გულრიფში და მერხეული,
მონატრების ცრემლებით რომ დამისველდა.
მაპატიე, შემოდგომავ, მაპატიე,
რომ შენსავით ოქროსფერი არ მაქვს ჭკუა,
დაბრუნების იმედს წლები შევალიე,
იმედმა კი, დროსთან ერთად მომატყუა!
კვირის ამბები