სოხუმის დაცემის 28-ე წლისთავთან დაკავშირებით, გორში, საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალთან სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.
,,სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა, ეს არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. ზუსტად 28 წლის წინ, აფხაზეთის ომის შედეგად, ჩვენ მივიღეთ 300 000-მდე დევნილი, დაიღუპა უამრავი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ.
,,დღეს 28 წელი შესრულდა სოხუმის დაცემის დღიდან, სადაც ჩვენმა რაინდებმა, ჩვენმა გმირმა ბიჭებმა თავი შეწირეს სამშობლოს ერთიანობისთვსი ბრძოლას. ჩვენ, ყოველ წელს, სიმბოლურად გამოვდივართ და ამ დღეს და მემორიალტან პატივს მივაგებთ დაღუპული ბიჭების ხსოვნას“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
,,ურთულესი პერიოდი არის 1993 წლის 27 სექტემბერი, ამ დიდი საუფლო დღესასწაულის დღეს დაეცა სოხუმი. ეს არის არა მარტო იქ მაცხოვრებელი ჩვენი მოქალაქეების ტკივილი, ეს არის სრულიად საქართველოს ტკივილი. უამრავი ქართველი და არაქართველი მოქალაქე, ვინც იმ ომში იყო ჩართული, აღარ არიან. დღეს მათ პატივს მივაგებთ მათ სახელებს და ვფიქრობ, რომ ალბათ ძალიან მალე დადგება ის მომენტი, როცა ჩვენი აფხაზი ძმებიც მიხვდებიან, თუ რა დღეში ჩაყარა ისინი ოკუპანტმა და ალბათ მალე მოხდება ის, რასაც სრულიად საქართველო ელოდება - აფხაზეთი დაუბრუნდება თავის ძირძველ ხალხს და ძირძველ მიწას შეუერთდება ისევ და ისევ“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელმა დავით რაზმაძემ.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. 1993 წლის 16 სექტემრებს, აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის შეთანხმება „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს.
დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მახრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.