საზოგადოება
27.09.2021 11:20
არჩევნებში გადასატანი ყუთით სარგებლობისთვის მოქალაქეებს განაცხადის გაკეთების ვადა დღეს ეწურებათ

იმ მოქალაქეებს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე მისვლა არ შეუძლიათ, საარჩევნო ადმინისტრაცია გადასატანი ყუთით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რისთვისაც მოქალაქეებმა შესაბამისი განაცხადი უნდა გააკეთონ.

როგორც ცნობილია, აღნიშნული კატეგორიის ამომრჩეველს საშუალება აქვს, 27 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ზეპირი განცხადებით მიმართოს ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (შიდა ნომერი 0) და მოითხოვოს გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება (ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიებს).

გასული წლის მსგავსად, გადასატანი ყუთის მომსახურებით ისარგებლებენ ის ამომრჩევლებიც, ვინც კოვიდპანდემიის გამო თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებიან, ან მკურნალობის კურსს გადიან სტაციონარულ დაწესებულებებში.

ცესკო-ს ინფორმაციით, აღნიშნული ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით და ამომრჩევლებს მოემსახურებიან სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, გადასატანი ყუთის სერვისით სარგებლობის უფლება აქვთ პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ საკუთარ უბანზე გამოცხადება, ამავე ჩამონათვალს განეკუთვნება ამომრჩეველი, ვინც საავადმყოფოსა თუ სტაციონარულ დაწესებულებაში სამკურნალოდ წევს. გადასატანი ყუთით ისარგებლებენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეები არიან და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში მსახურობენ, ეს ადგილი კი, საარჩევნო უბნიდან შორს მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა დაიწყება კენჭისყრის დღის 08:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათზე.

კვირის ამბები