საზოგადოება
25.11.2019 14:52
სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების დარღვევაა - 16-დღიანი სამთავრობო კამპანია ძალადობის წინააღმდეგ დაიწყო

2019 წელს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი სამთავრობო კამპანიის მთავარ თემად სექსუალური შევიწროება განისაზღვრა. მასშტაბური აქტივობის მიზანი, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს მთავრობა უწევს, სექსუალური შევიწროების ფენომენისა და კანონმდებლობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაა. კამპანიაში, ასევე, აქტიურად მონაწილეობენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებებიც.

შეგახსენებთ, სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა და 2019 წლის მაისიდან, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად კანონით ისჯება. საჯარო სივრცეში დანაშაულის ჩამდენი პირი 300 ლარით დაჯარიმდება. დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში კი, სამართალდამრღვევს, 500-დან 1000 ლარამდე თანხა, გამასწორებელი სამუშაოების შესრულება 1 თვემდე ვადით, ან 10 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო კამპანია დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.

კვირის ამბები