გრიპისა და კოვიდის ვაქცინის გაკეთება ერთსა და იმავე დღეს შეიძლება, ერთ მკლავზე ერთი, მეორე მკლავზე - მეორე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა შესაძლოა, მომავალი კვირიდან დაიწყოს.
„ჩვენ ვიყიდეთ 200 000 დოზა, აქედან 43 000 წინა კვირის ბოლოს შემოვიდა და ახლა მზადების პროცესში ვართ. პირველად სამი დიდი რისკ ჯგუფი აიცრება - სამედიცინო პერსონალი, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორსულები. ალბათ, ოქტომბერში შემოვა დანარჩენი 150 ათასი დოზა ორ პარტიად და დანარჩენი რისკ ჯგუფებიც აიცრება. კერძო სექტორს გარკვეული რაოდენობა ყოველწლიურად შემოაქვს რამდენიმე ათეული ათასი დოზა. ზოგადად, სასიამოვნოა, რომ ქვეყანაში გრიპის აცრის კულტურა სულ უფრო და უფრო იზრდება. მოთხოვნილება იზრდება და ეს კარგია. ვფიქრობ, მომავალი კვირიდან დავიწყებთ გრიპის აცრებსაც. რაც შეეხება საკითხს, შეიძლება თუ არა გრიპისა და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ერთდროპულად გაკეთება, გეტყვით რომ დიახ, გრიპისა და კოვიდის ვაქცინის გაკეთება ერთსა და იმავე დღეს შეიძლება, ერთ მკლავზე ერთი, მეორე მკლავზე - მეორე, თუმცა, თუ უკვე გაქვთ გაკეთებული „ფაიზერი“, შეგიძლიათ 1-2 კვირის შემდეგ გრიპის ვაქცინაც გაიკეთოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.