საზოგადოება
24.09.2021 16:26
ამირან გამყრელიძე - თუ მაქსიმალურად ავიცრებით მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი გვექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება მძიმე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძეს განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მე-5 ტალღა ნოემბრის ბოლოდან იქნება და თუ მოსახლეობის უმეტესობა არ აიცრება, ის იქნება საკმაოდ რთული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესმა მკვეთრად იკლო, რაც შემაშფთებელია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 26%-ია ვაქცინირებული.

„მე-5 ტალღა აუცილებლად იქნება მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც. თუ მაქსიმალურად ავიცრებით, ეს იქნება შედარებით მსუბუქი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - მძიმე.  რაც შეეხება ვაქცინაციის მდგომარეობას, აგვისტო გვქონდა კარგი, დღეში 23 000 აცრა კეთდებოდა, მთლიანად აგვისტოში 715 000 აცრა ჩატარდა, სექტემბრის 16 რიცხვამდე მოვდიოდით კარგი მაჩვენებლით, დღეში 24 000 აცრა გვქონდა, ძალიან გვინდოდა, რომ სექტემბერში კიდევ მეტი ყოფილიყო, ვიდრე აგვისტოში, ანუ სადღაც ავსულიყავით, 800 000-900 000-ზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ გამოდის. 16 სექტემბრიდან აცრის მაჩვენებელი ქვეყანაში თანდათან იკლებს.

დღეისათვის, მოზრდილი მოსახლეობის 26% გვყავს აცრილი, წლის ბოლომდე უნდა იყოს აცრილი 60%, რომ წლევანდელი ახალი წელი შედარებით ნორმალური იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის. თუმცა, 60%-იც აღარ არის საკმარისი, „დელტა“ ისეთი ვერაგული აღმოჩნდა, რომ აუცილებელია უფრო მეტი იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კვირის ამბები