საზოგადოება
24.09.2021 13:58
არჩევნებში მონაწილეობისთვის საავადმყოფოებსა და თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა საარჩევნო ადმინისტრაციას 25-27 სექტემბერს უნდა მიმართონ

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებს, ასევე მოქალაქეებს, ვისაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემა აქვს, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება გადასატანი ყუთის მეშვეობით შეეძლებათ.

ცესკოს ინფორმაციით, სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით და ამომრჩევლებს მოემსახურებიან სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ იმ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ზეპირი განცხადებით მოგვმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (შიდა ნომერი 0) და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება“, - ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, გადასატანი ყუთის სერვისით სარგებლობის უფლება აქვთ პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ საკუთარ უბანზე გამოცხადება, ამავე ჩამონათვალს განეკუთვნება მომრჩეველი, ვინც საავადმყოფოსა თუ სტაციონარულ დაწესებულებაში სამკურნალოდ წევს. გადასატანი ყუთით ისარგებლებენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეები არიან და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში მსახურობენ, ეს ადგილი კი, საარჩევნო უბნიდან შორს მდებარეობს.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პირი გადასატანი ყუთით სარგებლობის თხოვნით მიმართვას საუბნო საარჩევნო კომისიას. აღნიშნულ სიაში რეგისტრაციისთვის, მოქალაქემ საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს პირადი მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და ის მისამართი, სადაც სურს გადასატანი ყუთით სარგებლობა (აღნიშნული მისამართი უნდა ფიქსირდებოდეს იმ საუბნო საარჩევნო კომისიის საზღვრებში, სადაც პირი განაცხადს აფიქსირებს).

აღსანიშნავია, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა დაიწყება კენჭისყრის დღის 08:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათზე.

 

კვირის ამბები