24.09.2021 13:23
ვაქცინაციის წამახალისებელ გათამაშებაში დღეს სამმა გორელმა მოიგო
„აიცერი და მოიგე“ - საქართველოში ვაქცინირებული პირებისთვის ლატარიის გათამაშებაში სამმა გორელმა მოიგო.
საიტზე - სტოპცოვ.ლოტტო.გე - გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ყოველდღიურ გათამაშებაში სამმა გორელმა მოქალაქემ მოიგო. ყველა მათგანს ას ლარიანი პრიზი ხვდა წილად.
ამასთან, მოგებულთაგან ორი გორში, ერთი კი - თბილისშია აცრილი.
აქვე შეგახსენებთ, რომ ყოველკვირეულ გათამაშებაში, რომელიც ორშაბათს გაიმართა, ერთ-ერთი გამარჯვებული სწორედ გორში რეგისტრირებული და აცრილი მოქალაქე გახლდათ, რომელმაც 5 000 ლარი მოიგო.
შეგახსენებთ, რომ მოგების გადამოწმება ყველა აცრილს შეუძლია, რისთვისაც საჭიროა საიტზე შეხვიდეთ და ძიების ველში პირადი ნომერი მიუთითოთ. საიტზე აღნიშნულია გამარჯვებულების ინიციალები, პირადი ნომრის პირველი და ბოლო ციფრები და დასახელებულია, თუ რომელი ვაქცინითაა აცრილი პირი, ამასთან, მითითებულია გამარჯვებულის აცრის ადგილიც.
ცნობისთვის, ლატარიის კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად - 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება, 31 დეკემბერს „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გაიმართება, სადაც მოქალაქეებს 100 000 ლარის მოგება შეეძლებათ.
24 სექტემბრის მონაცემებით, ვაქცინაციის წამახალისებელ გათამაშებაში სულ 1 777-მა მოქალაქემ მოიგო, მთლიანობაში კი, 260 400 ლარია გათამაშებული.