საზოგადოება
24.09.2021 13:15
საქართველო CNF-სგან ახლადშექმნილი დაცული ტერიტორიების მოსაწყობად, ფულად დახმარებას მიიღებს - ორი სამიზნე ლოკაცია შიდა ქართლში მდებარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, საქართველო, კავკასიის ბუნების ფონდისგან, ახლადშექმნილი დაცული ტერიტორიების ფართობის შესაბამისად, 6-10 მლნ აშშ დოლარამდე დახმარებას მიიღებს.
როგორც GMnews-თვის გახდა ცნობილი,ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოში დაცული ტერიტორიების ფართობის გაზრდა, რაც გულისხმობს შიდა ქართლის, რაჭის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებში ხუთი ახალი სივრცის შექმნას.
შეგახსენებთ, შიდა ქართლში ორი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნას მთავრობის მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს. ამ ეტაპზე კი, ახალი დაცული ტერიტორიების - ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის და ტანას აღკვეთილის დაარსების და მათი მართვის და ფუნქციონირების სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება მიმდინარეობს.
ცნობისთვის, საქართველოში ამჟამად 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 23 აღკვეთილი, 40 ბუნების ძეგლი და 3 დაცული ლანდშაფტი არსებობს.
კვირის ამბები