გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი, 177-ე შემოქმედებით სეზონს ოქტომბრის ბოლოს გახსნის. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, ახალ სეზონს საპრემიერო ჩვენებით გახსნიან. უფრო მეტიც, დავით ჩხარტიშვილმა GMnews-სთან განაცხადა, რომ შესაძლოა, დეკემბრის ბოლომდე, ერთგულ მაყურებელს სამი საპრემიერო ჩვენება შესთავაზონ.
„მოგეხსენებათ, ჩვენი თეატრი 27 სექტემბერს უკრაინაში მიემგზავრება და მონაწილეობას ნიკოლაევის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში მიიღებს. უკან, სავარაუდოდ, 8-9 ოქტომბერს დავბრუნდებით და სწორედ ამ პერიოდიდან დავიწყებთ აქტიურ მზადებას ახალი შემოქმედებითი სეზონის გასახსნელად. 20 ოქტომბრიდან უკვე შეგვეძლება ახალი შემოქმედებითი სეზონის გახსნის ზუსტი თარიღის გაჟღერება. რაც შეეხება იმას თუ რა სპექტაკლს შევთავაზებთ ერთგულ მაყურებელს, იმის გათვალისწინებით რომ გასული სეზონის ყველაზე გამოხმაურებადი წარმოდგენა ფლორიან ზელერის მიხედვით დადგმული პიესა - „ვაჟიშვილი“ გახლდათ, გვინდოდა ახალი სეზონი სწორედ ამ ტრილოგიის მეორე ნაწილით, სახელწოდებით - „მამა“ გაგვეხსნა, თუმცა, ვნახოთ რა იქნება, დრო გვიჩვენებს“, - გვითხრა დავით ჩხარტიშვილმა.
როგორც გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა აღნიშნა, თეატრი ფუნქციონირებას კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით დაიწყებს