კულტურა
23.09.2021 15:50
გორის თეატრი ნიკოლაევის მეთორმეტე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე 27 სექტემბერს გაემგზავრება
გორის თეატრი ნიკოლაევის მეთორმეტე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, უკრაინაში, 27 სექტემბერს გაემგზავრება და მონაწილეობას ფესტივალ-კონკურსში - Homo Ludens“ მიიღებს. როგორც GMnews-სთან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ჩხარტიშვილმა განაცხადა, მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებაში 4 ქვეყანა მონაწილეობს. რაც შეეხება სპექტაკლს, რომელსაც გორის თეატრის მსახიობები ითამაშებენ, დაანონსებული წარმოდგენის - „ვაჟიშვილის“ ნაცვლად, უცხოელი მაყურებელი „შეცვალეს“ იხილავს.
„ალბათ, ყველას ესმის რამდენად მნიშვნელოვანია, პანდემიურ პერიოდში, ასეთი დონის საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობა. გასტროლზე 27 სექტემბერს გავემგზავრებით. ჩვენი დასის ყველა წევრი, რომელიც უკრაინაში მიემგზავრება ვაქცინირებულია, სამოგზაუროსთან ერთად, სარგებლობს კოვიდ დაზღვევით და გამგზავრების წინ ჩაიტარებს PCR ტესტს. უკან, სავარაუდოდ, 8-9 ოქტომბერს დავბრუნდებით და სწორედ ამ პერიოდიდან დავიწყებთ აქტიურ მზადებას ახალი შემოქმედებითი სეზონის გასახსნელად,“ - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას დავით ჩხარტიშვილმა.
ცნობისთვის, გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ზემოხსენებული სცენარი ალენა ივანიუშენკოს ნაწარმოების - ,,ალისა თოვლის ქვეშ“ მიხედვით დადგა და გასული შემოქმედებითი სეზონი სწორედ ამ სპექტაკლით გახსნა. ერთმოქმედებიან პიესაში, გ. ერისთავის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობები: ქეთი ლუარსაბიშვილი, კობა კოპაძე, გიორგი ჩოჩნიძე, ზაზა ცარულაშვილი, ლიკა კევლიშვილი, სოსო მგალობლიშვილი და თეკლა მარჯანიშვილი მონაწილეობენ.
კვირის ამბები