საზოგადოება
23.09.2021 12:57
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყება - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება.
ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრების კულტურა ქვეყანაში იზრდება, ამიტომ უწყება შეეცდება სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზა, ოქტომბერ-ნოემბერში იყოს ათვისებული.
 
„სახელმწიფომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა იყიდა. თუ არ ვცდები, 43 ათასი დოზა უკვე შემოვიდა ორი დღის წინ, 4 ვალენტიანი, რა თქმა უნდა, საკმაოდ კარგი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული.
მოგეხსენებათ, გრიპზე პირველ რიგში, იცრებიან რისკჯგუფები. პირველი რისკჯგუფი ყოველთვის არის სამედიცინო პერსონალი, შემდეგ მსჯელობა იყო საბჭოზე და იქნებიან დიალიზზე მყოფები, ასევე ორსული ქალბატონები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოზების დაწესებულებებში განაწილება. ვფიქრობთ, მომავალი კვირიდან, დაახლოებით 1 კვირის ვადაში დავიწყებთ ამ პირველი პარტიიდან აცრებს. ოქტომბრის განმავლობაში, კერძოდ, მეორე ნახევრიდან 150 ათასზე მეტი დოზა შემოვა ქვეყანაში და რისკჯგუფები კიდევ გაფართოვდება იმის მიხედვით, როგორც გვაქვს, კერძოდ, ქრონიკული ავადმყოფები, ბავშვები და ასე შემდეგ. ვნახოთ, როგორი იქნება ათვისება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
კვირის ამბები