კულტურა
24.11.2019 22:58
1898 წელს წყალდიდობას მთლიანად წაულეკავს გორელებისთვის საყვარელი ადგილი - ახალბაღის ისტორია

გორში, ძველად, საზოგადოებრივი დანიშნულების ორი პარკი ყოფილა. ერთი - ამჟამინდელი ახალბაღი, მეორე კი - გორის ციხის ზედა ნაწილში მდებარეობდა.

გორის ციხეზე მდებარე ბაღი გადამდგარ გენერალს, ივანე ამილახვარს მოუწყვია საკუთარი სახსრებით. ამილახვრის ჩანაფიქრით, აღნიშნული ბაღი, რომელსაც საკუთარი აუზიც გააჩნდა, თავადაზნაურობის თავშეყრის და გართობის ადგილად უნდა გადაქცეულიყო, თუმცა, აღნიშნულმა პარკმა ხანგრძლივად ვერ იარსება. მოსახლეობის ძირითადი ნაწილის დასვენების და თავშეყრის ადგილს ლიახვისა და მტკვრის შესართავთან გაშენებული პარკი წარმოადგენდა. პარკი, რომლის გაშენებაც XIX  საუკუნის 70-იან წლებში დაწყებულა, 24 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავდა.

მე-19 საუკუნის მიწურულს, 1898 წელს კი, წყალდიდობას მთლიანად წაულეკავს გორელებისთვის საყვარელი ადგილი. ბაღის აღდგენაზე თავი არ შეუწუხებია ქალაქის მაშინდელ თვითმმართველობას. განადგურებული პარკის აღდგენა მხოლოდ ადგილობრივი ახალგაზრდობის თაოსნობით მომხდარა. ინიციატორი კი, არტილერიის ოფიცერი ვ. ენგელმანი ყოფილა. აღნიშნული ბაღის აღდგენა-მშენებლობაშიც დიდი წვლილი შეუტანია ივანე ამილახვარს, ამიტომ, როცა პარკი აკურთხეს - 1904 წლის 8 აგვისტოს, ქალაქის გამგეობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამ ადგილისთვის ,,ამილახვრის ბაღი“ ეწოდებინათ.

მოგვიანებით კი, მტკვრისა და ლაიხვის შესართავთან გაშენებულ ბაღს გორელებმა ,,ახალბაღი“  უწოდეს და დღემდე ამ სახელით მოიხსენება.

(მომზადებულია ისტორიკოს ელდარ მამისთვალიშვილის წიგნის - ,,გორის ისტორია“ II,  2019 წ. მიხედვით).

კვირის ამბები