პროექტის - ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია როგორც მუზეუმების, ისე საცხოვრებელი სახლების, სახელმწიფო დაწესებულებების, პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია.
,,ოთხივე მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები, რაც შეეხება გორს, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, სტალინის ქუჩაზე, ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს ერთდროულად 8 კორპუსზე, მთლიანობაში კი დაგეგმილია 28 მრავალსართულიანი კორპუსის რეაბილიტაცია. რაც შეეხება ზემოხსენებულ 8 კორპუსს, ფაქტობრივად დასრულების ფაზაშია ფასადების რეაბილიტაცია, ასევე, მიმდინარეობს საფეხმავლო გადაადგილებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა, გათვალისწინებულია დასასვენებელი სივრცეების და საბავშვო ატრაქციონების მოწყობაც.
ხაშურში, საფეხბურთო სტადიონის მასშტაბური პროექტის გარდა, მიმდინარეობს სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები, სადაც განახლდება საფეხმავლო ბილიკები, ატრაქციონები, მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, ასევე, გათვალისწინებულია ხაშურის ცენტრში მდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა.
აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ქარელშიც, სადაც ამ ეტაპზე ვაჟა ფშაველას, ჭავჭავაძის და თამარ მეფის ქუჩების კეთილმოწყობა ხდება. ასევე, დაწყებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია, პარალელურად, გათვალისწინებულია საფეხმავლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ქარელის ცენტრში შადრევნის რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
კასპში ორ ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, აქტიურ ფაზაშია ქვეითების გადაადგილებისთვის საფეხმავლო სივცეების მოწყობის, ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაციის სამუშაოები, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების, ეთნოგრაფიული მუზეუმის რეაბილიტაცია“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის პირველი სხდომა გორში 5 მაისს გაიმართა.
4 წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.