საზოგადოება
22.09.2021 14:55
სწავლების დისტანციური ფორმატის არჩევის საშუალება მშობლებს წელსაც ექნებათ - განათლების მინისტრი
ახალ სასწავლო წელს სკოლები, სადაც 4 ოქტომბრიდან სწავლა კლასებში განახლდება, მოსწავლეებს დისტანციურად სწავლის საშუალებასაც შესთავაზებენ, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნო, სამინისტროს მიზანია, მოქნილი სისტემა შესთავაზოს მშობლებს.

„4 ოქტომბერს იმ სოფლებში ან ქალაქებში, სადაც 4%-ზე ქვემოთ იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, სწავლა გაგრძელდება დასწრებულ ფორმატში. მაგრამ იქაც გვინდა, მოქნილი სისტემა შევთავაზოთ მშობლებს. ეს პრაქტიკა უკვე გვქონდა დანერგილი წინა სემესტრებში. თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ მას ურჩევნია კვლავ დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს სწალა ბავშვმა, ჩვენ ამის საშუალებასაც მივცემთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება ბაგა-ბაღების მუშაობაც. ასევე სკოლაში, რომლის გარემოშიც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი იქნება, მასწავლებლების 100% რომ აიცრას, სწავლა 4 ოქტომბერს ვერ განახლდება.
კვირის ამბები