უფლისციხეში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ სოფელში მცხოვრებ 250-მდე ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
შესაბამისი სამუშაოების დაწყებას, ადგილზე, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი გაეცნო.
„უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე, უფლისციხეში სასმელი წყლის სისტემა არასოდეს ყოფილა მოწყობილი და ათეული წლებია, სოფლის მოსახლეობა ინდივიდუალური ჭებით სარგებლობს. პროექტის განხორციელების შემდეგ, რა თქმა უნდა ზემოხსენებული პრობლემა ადგილობრივ მაცხოვრებლებს აღარ შეაწუხებს“, - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
GMnews-ის ინფორმაციით, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 734 500 ლარს შეადგეს, საჭირო თანხა კი, ადილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჭაბურღილი, რეზერვუარი საქლორატოროთი, წყალსადენის მაგისტრალი და გამანაწილებელი ქსელი. დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველებიც.
მიმდინარე პროექტი 2022 წლის ზაფხულში დასრულდება.