საზოგადოება
22.09.2021 11:04
გორის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია გრძელდება - სამუშაოებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გაეცნო
გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მიწის სისტემური რეგისტრაციის სამუშაოებს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გაეცნო. ოლეგ თორთლაძე საველე სამუშაოების მიმდინარეობას პირადად დაესწრო, სადაც სააგენტოს ამზომველთა ჯგუფებმა მიწის ნაკვეთების აზომვასთან დაკავშირებული ყველა ეტაპი და სხვადასხვა ტექნიკური საკითხები გააცნეს.
უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოს საველე ჯგუფები მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვით სამუშაოებს მესაკუთრეების თანდასწრებით ახორციელებენ. ჯგუფის წარმომადგენლები მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმებს ავსებენ და მოსახლეობას საკუთრების უფლების საკითხებზე სამართლებრივ დახმარებას უწევენ. სააგენტოს ხელმძღვანელმა, შიდა ქართლში მოქმედი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფისებიც მოინახულა და დაწესებულების თანამშრომლებთან ადმინისტრაციულ-ტექნიკური საკითხები განიხილა.
შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტს ეტაპობრივად ყველა იმ გეოგრაფიულ არეალზე ახორციელებს, სადაც მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში, სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
კვირის ამბები