21 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას - შობას ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა მარიამისა - აღნიშნავს. ეს დღე მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ღვთისმშობლის შობის დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა - პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.
ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინა. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა.
მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ ,,მშობლებად ღმრთისა” იწოდებიან, როგორც იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.