„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვლადიმერ (ლადო) ხინჩეგაშვილი გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში - სათემოში, ძევერაში, შერთულში, ქიწნისსა და სკრის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
„გორის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის - სათემოს, ძევერის, შერთულის, ქიწნისის და სკრის კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შევხვდი. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები ამით დავასრულე, თუმცა, სხვადასხვა მიმართულებით კამპანიას კვლავ აქტიურად ვაგრძელებ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში ვიყავი და ადგილზე გავეცანი იმ პრობლემებსა და საჭიროებებს, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს. როგორც სოფლების, ასევე თითოეული მოქალაქის პრობლემა მონიშნული მაქვს, შესაბამისად, ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, ზუსტად ვიცი, თუ რა იქნება ის პრიორიტეტული საკითხები, რაზეც უპირველესად დავიწყებ მუშაობას. არჩევნებამდე კიდევ უფრო ცოტა დრო რჩება და მჯერა, რომ ჩემი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა კიდევ ერთხელ, ამჯერად პოლიტიკურ ასპარეზზე ნდობას გამომიცხადებს და ყველა ერთად 2 ოქტომბერს ვიზეიმებთ ღირსეულ გამარჯვებას“, - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.