სამართალი
17.09.2021 16:13
,,ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით გორსა და ხაშურში დაკავებული 11 პირიდან ბრალი ოფიციალურად ყველას წარედგინა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გორსა და ხაშურში დაკავებული 11 პირიდან ბრალი ოფიციალურად უკვე ყველას წარედგინა.

ბრალდებულთაგან ერთ-ერთის, 1963 წელს დაბადებული კუკური ნოზაძის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სსკ-ის 223 პრიმა მუხლის I და IV მუხლებით წაყენებულ ბრალს დაამტკიცებს.

,,საქმის მასალები გადმოგვეცა და როგორც ვვარდაუდობდით, არანაირი სახის მტკიცებულება არ არსებობს, კუკური ნოზაძემ დააფიქსირა პოზიცია, რომ ბრალდება არის აბსურდული და არ აღიარებს, არსებობს მხოლოდ ფარული ჩანაწერები, რომელშიც ბევრი ადამიანების საუბრებია და  იდეტიფიცირება და ავთენტურობა არ დგინდება, გარდა ამისა, ამ საუბრების დროს, არანაირი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. არ არის განხორციელებული ზარები ე.წ. კანონირ ქურდებთან, არ არის მიცემული რაიმე დავალებები, არ არის განხორციელებული რაიმე მუქარა და ა.შ. სავალალოა ის მდგომარეობა, როდესაც მიმდინარეობს მასობრივი მოსმენა და ამის საფუძველზე შემდგომ ხდება მათთვის არასასურველი პირებისთვის ბრალდების წარდგენა“, - განაცხადა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ.  

შეგახსენებთ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცავებმა გორსა და ხაშურში 11 პირი გუშინ დააკავეს, 4 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კვირის ამბები