საზოგადოება
17.09.2021 14:14
იცრებიან თუ არა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების თანამშრომლები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, საქართველოში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან საგანმაანთლებლო დაწესებულებებში გაგრძელდება, თუმცა, უკვე განიმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გავრცელდება იმ ქალაქებსა და სოფლებზე, სადაც კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს არ აღემატება.

ამჟამინდელი მდგომარების გათვალისწინებით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელს უჭირს დაზუსტებით იმის იმის თქმა, განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებში, თუმცა, როგორც ლია კოვზიაშვილმა GMnews-სთან საუბრისას აღნიშნა, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი ვაქცინაციის პროცესში და ცდილობენ, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები ზედმიწევნით დაიცვან.

„ჩვენც, ისევე როგორც ყველა სხვა სამსახური, დამოკიდებულები ვართ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებზე. იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსის გავრცელების დადებითობის დღიური მაჩვენებელი იკლებს, დღეს მაინც ვერ ვიტყვით დაზუსტებით, განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი შენობაში. მინდა გითხრათ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები აქტიუტრად არიან ჩართულები ვაქცინაციის პროცესში, არის საბავშვო ბაღები, სადაც თანამშრომელთა 70-80% უკვე აცრილია, თუმცა, არის ბაღები, სადაც გაცილებით დაბალია აქტივობა. ჩვენი მხრივ, აქტიურად ვცდილობთ თანამშრომლებს მივაწოდოთ ინფორმაცია ვაქცინის უსაფრთხოებისა და ვირუსის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად აცრების მნიშვნელობის შესახებ“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია სკოლის პედაგოგებისა და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლების, ასევე დამხმარე პერსონალის სრულად ვაქცინაცია. უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებაში, მკვეთრი რეკომენდაციაა, რომ აიცრან სტუდენტებიც, თუმცა, საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით, საბჭოს ცალსახად არ დაუფიქსირებია პოზიცია.

კვირის ამბები