თავდაცვის მინისტრი გორში აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ და სარემონტო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, გორში, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა მოინახულა. ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედრო ქვედანაყოფში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და მიმდინარე სარემონტო და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.
მინისტრმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად ახლადგარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა, სადაც შეიცვალა სახურავი, შეიღება ფასადი, განახლდა გათბობის სისტემა და მოწესრიგდა სველი წერტილები.
უწყების ინფორმაციით, პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე სრულად გარემონტდა შტაბის შენობაც, მოეწყო მართვის ცენტრი, გამწვანდა და კეთილმოეწყო ბრიგადის გარე ტერიტორიაც, სადაც ახალი სარწყავი სისტემა დამონტაჟდა. შეგახსენებთ, ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება. რეფორმის შედეგად, დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა.