სამართალი
16.09.2021 14:44
,,ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული კუკური ნოზაძის ადვოკატი - საქმე აგებულია იმ ფრაზეოლოგიაზე, რაც მოპოვებულია მოსმენების შედეგად

არანაირი სახის მტკიცებულება არ არსებობს საქმეში, უბრალოდ, როგორც ყველას უსმენენ, ესეც არის მოსმენების შედეგად შეთხზული სისხლის სამართლის საქმე, - ამის შესახებ შიდა ქართლში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციისას, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულთაგან ერთ-ერთის, კუკური ნოზაძის ადვოკატმა განაცხადა. მამუკა ნოზაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, სავარაუდოდ, სატელეფონო მოსმენების და თვალთვალისას მოპოვებული გარკვეული ფრაზეოლოგიის საფუძველზე ედავებიან. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი და სხვა პირები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2 სექტემბრის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

,,2 სექტემბერს არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ გაცემული კუკური ნოზაძისა და სხვათა დაკავების თაობაზე განჩინება. საგულისხმოა, რომ თითქმის 14 დღეა გასული და დღეს მოხდა დაკავება, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ არ იყო დაკავების არანაირი საფუძველი, ვინაიდან არც მიმალვას აპირებდა კუკური ნოზაძე და არც, ვთქვათ, მოწმეებზე ზემოქმედებას და ა.შ“, - განაცხადა მამუკა ნოზაძემ.

მამუკა ნოზაძის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულია მოსმენების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით.

,,სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლით, ეს არის ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდება. მიმაჩნია, რომ არანაირი სახის მტკიცებულება არ არსებობს საქმეში, უბრალოდ, როგორც ყველას უსმენენ, ესეც არის მოსმენების შედეგად შეთხზეული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც არ არის გამყარებული რაიმე სახის მტკიცებულებით და საქმე აგებულია იმ ფრაზეოლოგიაზე, იმ საუბრებზე, რომელიც არ შეიცავს არანაირი დანაშაულის ნიშნებს. რაც ჩემთვის ცნობილია, გარდა ამ ფარული თვალთვალის შედეგად ჩაწერილი სატელეფონო საუბრებისა, არაფერი არ არსებობს საქმეში. დაკავებულებს ბრალი ჯერ არ წარდგენიათ, ბრალის წარდგენის შემდეგ უფრო ნათლად გვეცოდინება ვის რა ბრალს უყენებენ და რა მტკიცებულებების საფუძველზე“, - აღნიშნა მამუკა ნოზაძემ.

შეგახსენებთ, გორსა და ხაშურში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციისას სამართალდამცავებმა ათამდე პირი დააკავეს, დაკავებულთა უმრავლესობა წარსულში ნასამართლევია.

იგივე ბრალდებით ორი თვის წინ ჩატარებული ანალოგიური ღონისძიების დროს, შსს-მს შესაბამისმა დანაყოფებმა გორში 5 პირი დააკავეს.

კვირის ამბები