საზოგადოება
16.09.2021 13:21
მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა

2021 წლის მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია. ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა.

შედეგების გაგება მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს როგორც ინტერნეტით, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) ბარათზე დატანილი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მიღებული შედეგები სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს ავტომატურად აესახებათ პირად ელექტრონულ გვერდზე eSсhool-ის ბაზაში. ხოლო მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდების ჩაბარების შესახებ ცნობა მასწავლებლის მოსამზადებელ 60-კრედიტიან პროგრამაზე გასაგრძელებლად არის საჭირო, აღნიშნულ საბუთს, ასევე, ითხოვენ მასწავლებლის ვაკანსიების გვერდზე ანკეტის შევსების დროსაც.

აპელაციის შედეგების გასაჩივრება, ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოშია შესაძლებელი.

 

კვირის ამბები