საზოგადოება
16.09.2021 12:21
ვაქცინაციის წამახალისებელ მესამე გათამაშებაში გორში აცრილმა ცხრა მოქალაქემ მოიგო

ვაქცინირებული პირებისთვის ლატარიის მესამე გათამაშება დღეს გაიმართა. ლატარიის შედეგები stopcov.lotto.ge – 12 საათზე აიტვირთა. მონაცემების თანახმად, ყოველდღიურ გათამაშებაში გორში აცრილმა ცხრა პირმა მოიგო, მათგან 500 ლარიანი პრიზი - ერთს, ხოლო 100 ლარიანი - რვას ხვდა წილად. ასევე, 100 ლარიანი მოგება ხვდათ წილად ქარელში ორ, ხაშურშიც ორ და კასპში ვაქცინირებულ ერთ მოქალაქეს.

მოგების გადამოწმება ყველა აცრილს შეუძლია, რისთვისაც საჭიროა საიტზე შეხვიდეთ და ძიების ველში პირადი ნომერი მიუთითოთ.

აქვე, აღნიშნულია გამარჯვებულების ინიციალები, პირადი ნომრის პირველი და ბოლო ციფრები და დასახელებულია, თუ რომელი ვაქცინითაა აცრილი პირი.

ცნობისთვის, ლატარიის კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად - 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება, 31 დეკემბერს „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გაიმართება, სადაც მოქალაქეებს 100 000 ლარის მოგება შეეძლებათ.

შეგახსენებთ, პირი, რომელიც ყოველდღ|იურ გათამაშებაში მოიგებს თანხას, შემდგომ მონაწილეობს ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში.

ლატარიის დაწყებიდან დღემდე სულ გამოვლენილია 480 გამარჯვებული, ჯამში კი, გათამაშდა 60 000 ლარი.

კვირის ამბები