სამუშაოს მაძიებლებისთვის სასწავლო კურსების რეგისტრაციის პროცესი სექტემბრის ბოლომდე გრძელდება
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, სამუშაოს მაძიებლებისთვის საკვანძო კომპეტენციებში მოკლევადიანი ტრენინგ კურსებზე რეგისტრაცია სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი, ოქტომბერში, ონლაინ რეჟიმში დაიწყება. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა.
სასწავლო კურსში ჩართვისთვის, სამუშაოს მაძიებელმა უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს, სადაც კარიერის დაგეგმვის კონსულტანტის მიერ გაეწევა შესაბამისი კონსულტაცია, რის შემდეგაც შეძლებს აღნიშნულ კურსებზე ჩართვას.
გორში მცხოვრებმა დაინტერესებულმა პირებმა მეტი ინფორმაციისთვის გმირების 18 ნომერში მდებარე სერვის ცენტრს უნდა მიაკითხონ.
„საკვანძო კომპეტენციებში სამუშაოს მაძიებელთა მომზადების მიზანია მათი უზრუნველყოფა შესაბამისი უნარ-ჩვევებით, რათა იყვნენ აქტიური შრომის ბაზარზე. საკვანძო კომპეტენციების ტრენინგები განკუთვნილია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში - worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის. კერძოდ, 16 წლის ასაკიდან დაინტერესებული, შესაბამისი კომპეტენციების ამაღლების საჭიროების მქონე პირთათვის, რომლებსაც შემდგომში ექნებათ შესაძლებლობა გააქტიურდნენ შრომის ბაზარზე,“- აცხადებენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში
აღნიშნული ტრენინგ კურსები სერტიფიცირებული იქნება და კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სწავლების დამადასტურებელი მოწმობა.