კანონი, რომლის მიხედვითაც ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება, 3 თვეში ამოქმედდება
კანონი, რომლის მიხედვითაც ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება, 3 თვეში ამოქმედდება. ასევე გამკაცრდა სასჯელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე, საგრძნობლად გაიზარდა ფულადი ჯარიმები. ნასვამი მდგომარეობაში მანქანის მართვისას კი (თუკი ეს განმეორებით ხდება), მძღოლს, ჯარიმის გარდა, ადმინისტრაციული წესით პატიმრობაც (5-15 დღე) ემუქრება.
შეგახსენებთ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის ინიციატორები პარლამენტარები ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი იყვნენ.
ლევან იოსელიანის თქმით, ადმინისტრაციული საპატიმრო ცალკე მოწყობილი დაწესებულება იქნება, ამიტომ სხვა ციხეებისგან განსხვავებით იქ მსუბუქი რეჟიმი იმოქმედებს.
„ადმინისტრაციული წესით შეფარდებული პატიმრობა ადამიანს ნასამართლეობად არ ეთვლება. უბრალოდ, სანქცია მხოლოდ ფულადი ჯარიმა რომ იყო, ვნახე შემთხვევები, როდესაც ხალხს 20 ათასი ლარი ჰქონდა გადახდილი. ანუ 20- ჯერ რომ მთვრალი დაჯდები საჭესთან და მერეც იგივეს გააკეთებ. ვიღაცისთვის მხოლოდ ჯარიმა შემაკავებელი ფაქტორი არ არის“, - ამბობს ლევან იოსელიანი.
GMnews-ის ინფორმაციით, ბოლო ოცი წლის მონაცემებით, საქართველოში, ავტოავარიებში 460 ადამიანია დაღუპული, 7 ათასამდე კი, დაშავებული. მიზეზი ხშირ შემთხვევაში ნასვამი მძღოლი იყო.