მსოფლიოში არსებობს ქალაქები, სადაც პანდემიის დაწყებამდეც პირბადით გადაადგილდებოდნენ, ამის მიზეზი კი დაბინძურებული გარემო და მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა.
ერთ-ერთი ქალაქი, სადაც უმძიმესი ვითარებაა, ჩინეთში მდებარეობს. ლინფინი ჩინეთის ნახშირის მრეწველობის ცენტრია. უამრავი ქარხნის მუშაობის და ნახშირის წვის შედეგად, ჰაერში გოგირდის დიოქსიდისა და მსგავსი მავნე ნივთიერებების დონე დასაშვებ ნორმას ბევრად აღემატება. ქალაქის მცხოვრებთა დიდი უმრავლესობა დაავადებულია. ამ დროისთვის არსებული სტატისტიკით, 200 000-ზე მეტი ადამიანი პნევმონიით, ფილტვების კიბოთი და ბრონქიტით იტანჯება. უკვე წლებია, ლინფინში ნიღბის გარეშე გადაადგილება შეუძლებელია.
მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის მქონე ქალაქების ჩამონათვალშია ჩინეთის კიდევ ერთი ქალაქი ტიანჟინი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამრეწველო ცენტრია. ტყვიის შემცველობა ტიანჟინში აღებულ მოსავალშიც კი 24-ჯერ აღემატება საჭირო ნორმას, ჰაერი კი სრულადაა გაჯერებული მავნე ნივთიერებებით და შესაბამისად, ქალაქის ყველა მცხოვრები დაავადებულია.