შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მომავალი წლის ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილებებს აანონსებს. უწყების ცნობით, წინა წლების მსგავსად, ცვლილებები საცდელი ტესტირების, მისი შედეგების გაანალიზებისა და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა.
ცვლილება ორ საგამოცდო საგანს შეეხება:
ისტორია - გაიზრდება ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი - შემცირდება. საგამოცდო ტესტს დაემატება ორი ახალი ტიპის დავალება: „ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ და „ისტორიული მოვლენის შეფასება“.
მათემატიკა - ამ საგანთან მიმართებაში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ცვლის, აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.
„მინიმალური კომპეტენციის ზღვარი იცვლება სხვადასხვა საგანში: აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში - მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
გასული წლების მსგავსად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახლაც აქვთ უფლება, კონკრეტულ პროგრამებზე აწიონ ბარიერი, ანუ გაზარდონ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.