სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მასშტაბური თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპი დღეიდან დაიწყება
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მასშტაბური თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპი დღეიდან, 15 სექტემბრიდან დაიწყება. პირებს, რომლებმაც სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, უკვე წარმატებით გაიარეს პირველადი რეგისტრაცია, მორიგი განაცხადის გაკეთება დღის 12:00 საათიდან შეეძლებათ. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული ეტაპზე მოხდება რიგის ნომრის მინიჭება.
შეგახსენებთ, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ბენეფიციარებს სამი ეტაპის გავლა დაჭირდებათ. პირველი ეტაპი, www. rda. gov. ge-ზე.რეგისტრაციის გავლას ითვალისწინებდა, მეორე ეტაპზე, 15 სექტემბერს, 12:00 საათიდან მსურველებმა, ელექტრონულ პროგრამაში განაცხადი უნდა გააკეთონ. რა დროსაც მოხდება სუბიექტისთვის რიგის ნომრის მინიჭება. მესამე ეტაპი კი, პროგრამაში წარსადგენი დოკუმენტაციის ატვირთვას მოიცავს. რაც შეეხება აღნიშნული ეტაპის დაწყების თარიღს, პორტალი 20 სექტემბერს, 13:00 საათიდან გაიხსნება.
„განაცხადების მიღება შეწყდება განაცხადების დონეზე პროგრამის ბიუჯეტის ამოწურვისას, ხოლო განხილვა მოხდება განაცხადების რიგითობის მიხედვით. თითოეული ეტაპის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვებგვერდზე: www. rda. gov. ge განთავსდება განმარტებითი ვიდეო ინსტრუქცია, რათა გაგიადვილდეთ თითოეული ეტაპის გავლა და ელექტრონული განაცხადის დროული წარმოდგენა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.