საზოგადოება
15.09.2021 09:30
4 ოქტომბერს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, სასწავლო დაწესებულებები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას - განათლების მინისტრი

განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა მასწავლებლების და მოსწავლეთა მშობლების აცრის საკითხს. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენმა შვილებმა სწავლა გააგრძელონ ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებში, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. ჩხენკელმა მოსწავლეებს, პედაგოგებს და  ლექტორებს სწავლის დაწყება მიულოცა.

„მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ლექტორებს, სრულიად აკადემიურ სივრცეს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას. წელს, პანდემიის გამო, სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში იწყება, მაგრამ ეს დროებითია.

დღეს ფუნქციონირებას იწყებს „ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი, რომელსაც დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას.

იმისთვის, რომ ჩვენ ამას მივაღწიოთ აუცილებელია საზოგადოების კონსოლიდირება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაში. აქ მე განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა მასწავლებლების და მოსწავლეთა მშობლების აცრის საკითხს. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენმა შვილებმა სწავლა გააგრძელონ ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებში.

ჩვენ ასევე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პირველკლასელებთან დაკავშირებით. პედაგოგიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველკლასელებს თავიანთი პირველი სასკოლო გამოცდილება, მათი პირველი გაკვეთილები ჩაუტარდეთ ბუნებრივ სასკოლო გარემოში. შესაბამისად, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დასწრებულ ფორმატში დაიწყებენ იმ სკოლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4 %-ზე ნაკლები.

მე, მთელი გულით, ყველას გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

კვირის ამბები