ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე წარვდგე, როგორც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარდგენის შემდეგ განაცხადა.
ხინჩეგაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გორის მერობის კანდიდატად დასახელება განსაკუთრებული ნდობის გამოხატულებაა.
„ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე წარვდგე, როგორც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტში. ცხოვრების ყველა ეტაპზე, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის სიამაყით ვამბობდი, რომ გორელი ვარ. ყოველთვის განსაკუთრებით ვაფასებდი იმას, რაც ამ ქალაქმა მომცა და ვცდილობდი, აქ მცხოვრები, საკუთარ ქალაქსა და ქვეყანაზე შეყვარებული, ბევრი გაჭირვებისა და სირთულის მნახველი ხალხი გამემხნევებინა და გამეხარებინა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გორის მერობის კანდიდატად დასახელება განსაკუთრებული ნდობის გამოხატულებაა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი „ქართულ ოცნებას“. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი ვალდებულია, მაქსიმალურად დაიხარჯოს ქვეყნისა და საერთო საქმისათვის, სწორედ ამიტომ, მინდა, ჩემი შესაძლებლობები მშობლიური ქალაქის სწრაფ განვითარებას მოვახმარო.
საკუთარი ქალაქის, სოფლისა თუ დაბის მიმართ, რა თქმა უნდა, ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, თუმცა, ჩემთვის საოცრად საამაყოა, რომ ასეთი ისტორიული თუ კულტურული ძეგლებით მდიდარი, მრავალი გამორჩეული მეცნიერისა, სპორტსმენისა, საზოგადო მოღვაწია და რაც მთავარია, პატრიოტი ხალხის აღმზრდელი ქალაქის შვილი ვარ. კარგად ვხედავ, რომ განვლილი წლების განმავლობაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში, ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, ყოველდღიური შეხება მაქვს გორელებთან და ზუსტად ვიცი, როგორ უნდა გადავდგათ ის გარდამტეხი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ბუნებრივია, იქნება სირთულეებიც, თუმცა, ჩემი სპორტული კარიერა სწორედ იმით იყო გამორჩეული, რომ სირთულეებში შესაძლებლობებს ვხედავდი და მათ დასაძლევად ბოლომდე ვიხარჯებოდი, ასე ვაპირებ პოლიტიკაშიც და მჯერა, ახალგაზრდა, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად, გამოცდილი ადამიანების რჩევების გათვალისწინებითა და საზოგადოების აქტიური ჩართულობით, წარმატების ახალ, გამორჩეულ ისტორიას დავწერთ.
ჩემო გორელებო, თქვენს სიყვარულს ყველა ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი და თავს ვალდებულად მივიჩნევ, რომ მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო და იმედები არ გაგიცრუოთ. როგორც მთელი ცხოვრება, ახლაც დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და მჯერა, ჩემს გამარჯვებას ჩვენი საყვარელი გორის გამარჯვებად ვაქცევთ“, - განაცხადა ლადო ხინჩეგაშვილმა.
მერობის კანდიდატმა, საზოგადოებას ასევე წარუდგინა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები .