გორის ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ბიუროა განთავსებული, პარტია ,,ევროპული საქართველოს“ რამდენიმე წევრმა აქცია გამართა. აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას და მაჟორიტარის ბიუროს კარზე ბოქლომის დადებას გეგმავდნენ, თუმცა, მათ ამის საშუალება არ მიეცათ. ,,ევროპული საქართველოს“ წევრებმა შენობაში შესვლა ვერ შეძლეს და სტიკერები წარწერით -,,დალუქულია“ მხოლოდ შენობის ფასადზე გააკრეს.
,,მაჟორიტართან რამდენიმე კითხვა გვქონდა, მაგრამ შენობაში არ შეგვიშვა პოლიციამ. სიმბოლურად, ვგეგმავდით მაჟორიტარის ბიუროს კარზე ბოქლომის დადებასაც, მაგრამ ვერ შევძელით, ამიტომ შენობის ფასადზე გავაკარით სტიკერები, რომ დალუქულია, დალუქულია ეს მთავრობა და მალე ბიძინა ივანიშვილის მთავრობა წავა ხახლში“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ეთერ ჯალაღანიამ.
აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოქალაქე სიტყვიერად დაუპირისპირდა. მათი განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პროვოკაციულ ქმედებებს ახორციელებენ და დესტაბილიზაციის გამოწვევა სურთ. ,,არანაირი რესურსი აღარ გააჩნიათ, აღარც მხარს უჭერს ხალხი და ამიტომ დადიან ასე ქალაქ-ქალაქ 3-4 კაციანი შემადგენლობით. ამათი მიზანი არეულობაა და ამიტომ დავუპირისპირდი, სტიკერებიც ჩამოვხსენით. მე ,,ქართულ ოცნებას“ ვუჭერ მხარს, რაც შეეხება მაკრახიძეს, ძალიან გულისხმიერი ადამიანია, ბევრსაც ეხმარება“, - განაცხადა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც აქციის მონაწილეებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.