საზოგადოება
14.09.2021 14:31
აუცრელ პედაგოგს საკლასო ოთახში შესვლის უფლება არ უნდა მიეცეს - დევი ტაბიძე, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი

სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში დასაწყებად პედაგოგთა და სკოლის თანამშრომელთა სრული ვაქცინაციაა აუცილებელი, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა დევი ტაბიძემ განცხადა.

ექსპერტის თქმით, „აუცრელ პედაგოგს საკლასო ოთახში შესვლის უფლება არ უნდა მიეცეს“.

„ჩემი მოსაზრება ასეთია, იქნება ეს ბაღის აღმზრდელი, სკოლის პედაგოგი, სახელმწიფო უნივერსიტეტის თუ სხვა სასწავლებლის ლექტორი, ნებისმიერ შემთხვევაში, აცრილი უნდა იყოს. თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, საკლასო ოთახში შევიდეს. მასწავლებელთა მხოლოდ 80%-ის აცრას არ ვეთანხმები, მიმაჩნია, რომ პედაგოგები და სკოლის თანამშრომლები სრულად უნდა იყვნენ აცრილი. ბავშვები არიან ყველაზე მეტად ვირუსის გადამცემები.

თუ პედაგოგი არ იქნება აცრილი და ის საკლასო ოთახში შევა, მაგალითად, მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, მას სამსახურიდან აუცილებლად გავათავისუფლებდი. ის სოციალურად საშიშია საზოგადოებისთვის, ჩვენი და თქვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. „დელტა“ ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვირუსია, რომელიც საბოლოოდ, ბავშვების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.

კვირის ამბები