პორტალი რომლის მეშვეობითაც კომპანიები მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდ სტატუსს შეამოწმებენ, უკვე ამოქმედდა
ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური პლატფორმა Covidpass. moh. gov. ge შექმნა, რომლის მეშვეობითაც როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდსტატუსზე ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. პორტალი დღეიდან უკვე ამოქმედდა.
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის თქმით, ბიზნესოპერატორები სწორედ ამ აპლიკაციით იხელმძღვანელებენ. კერძოდ, Covid-საშვით კომპანიები მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდ სტატუსს შეამოწმებენ.ფერაძის თქმით, ბიზნესოპერატორების მხრიდან აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა, ხოლო წარმატებით დანერგვის შემთხვევაში საბჭო დამატებით იმსჯელებს.
„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია სპეციალური აპლიკაცია ე.წ. კოვიდსაშვი, რომელიც ბიზნეს სუბიექტებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ თავიანთი ვიზიტორის კოვიდ სტატუსი. ეს მათ საშუალებას მიცემთ განისაზღვროს „მწვანე ზონები“ და „მწვანე ზონისთვის“ არ გამოვრიცხავ, რომ ვიმსჯელოთ და საბჭოს რეკომენდაცია წარვუდგინოთ და განსხვავებული პროტოკოლი იყოს დაწესებული. მოგეხსენებათ, რომ დახურულ სივრცეში 6 ადამიანის დაშვებაა ნებადართული პროტოკოლიით, მაგრამ თუ „მწვანე ზონა“ იქნება არ გამოვრიცხავ, რომ ეს რაოდენობა გაიზარდოს და პროტოკოლის მოთხოვნა არ იყოს ასეთი ობიექტების მიმართ. ჩვენ პირველ ეტაპზე ვხდებით რესტორატორებს და ეტაპობრივათ დაიწყება სხვადასხვა სექტორთანაც შეხვედრები და გავაცნობთ აპლიკაციას. პირველ ეტაპზე ეს იქნება სარეკომენდაციო ხასიათის, ხოლო წარმატებით დანერვის შემთხვევაში საბჭო იმსჯელებს დამატებით“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.
როგორც ცნობილია, პორტალი ითვალისწინებს რამდენიმე მიმართულებას, რომ ადამიანს მიენიჭოს „მწვანე სტატუსი“. ეს არის ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანი, ასევე ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR კვლევა, ბოლო 24 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტი ან ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი კოვიდ ინფექცია. თუ აქედან, რომელიმეზე ბაზაში არის რეგისტრირებული, სპეციალური აპლიკაცია მას გაამწვანებს.